მაია ფანჯიკიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები მიიღო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ასცოირების შეთანხმების იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, რიგის 2015 წლის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩემი მოღვაწეობა საქართველოში. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იანოშ ჰერმანმა.
მინისტრმა ფანჯიკიძემ იანოშ ჰერმანს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. იანოშ ჰერმანი საქართველოში ევოკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა მიმდინარე წლის 26 ივნისს დანიშნა.
იანოშ ჰერმანი უნგრელი დიპლომატია და დიპლომატიური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები