“მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს” – ივანე ჩხაიძე

“მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს – არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ, როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, მეტაპნევმოვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ.

„ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც შემდეგ პანდემიას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, ბევრი რეაქცია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სწორედ ამ 5-წლიანი ინტერვალის აქცენტირებით იყო და იყო კითხვა, ხომ არ არის ეს მეტაპნევმოვირუსი ახალი პანდემიის დასაწყისი და ხომ არ არის ეს ვირუსი ისეთივე საშიშროების, როგორც კორონავირუსი. არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის, ამ თვალსაზრისით არ შეიძლება, მარტივი მიზეზის გამო – კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჰქონდა არავის. ის იყო სრულიად ახალი ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანში, ვისთანაც პირველი შეხება ჰქონდა, იწვევდა კლინიკურად გამოვლენილ დაავადებას. მეტაპნევმოვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, განსაკუთრებით ბავშვებში და ერთ-ერთი დიდ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტია. იგივეა საქართველოზეც. შეგიძლია ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს. ეს იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არაა, მაგრამ საქართველოს პედიატრიული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 5 წლამდე ბავშვების 99%-ზე მეტს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, მათ აქვთ გამომუშავებული გარკვეული მდგრადობა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ლუგარის ლაბორატორიის სახით, საშუალებას გვაძლევს, მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მხოლოდ გრიპზე, არამედ მეტაპნევმოვირუსზე. იაშვილი წარმოადგენს ლუგარის ბაზას და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველკვირეულად გვაქვს მონაცემები, რამდენია ქვეყანაში ამ ვირუსების რაოდენობა. 50-ე კვირას 6% იყო -შედარებით მაღალი. ბოლო მონაცემებით 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინ კვირაში გვქონდა 2 შემთხვევა მეტაპნევმოვირუსის, ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები