Gudauri inn: თებერვალში დატვირთულობა 80-90 %-ია, ძირითადად სტუმრები ისრაელიდან, ლიეტუვიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან გვყავს
“ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, სასტუმრო Gudauri Inn-ის საშუალო დატვირთულობა იანვარში 70-75%-ის დონეზეა, ხოლო თებერვალში 80-დან 90%-მდეა.
„დეკემბერმა ისე ჩაიარა, რა მოლოდინიც წინასწარ იყო. დეკემბრის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი სეზონია და მაღალი სეზონი მაინც 20 დეკემბრიდან იწყება, რაც დამოკიდებულია თოვლზე. დეკემბრის ბოლო ნაწილი კი საკმაოდ დატვირთული იყო. ახალი წლის პერიოდში ყოველთვის მაღალი დატვირთულობაა. რეალურად დეკემბრის ბოლოს დაწყებული მაღალი სეზონი 7 იანვრამდეა და ფასებიც შედარებით მაღალია. 7 იანვრიდან იანვრის ბოლომდე შედარებით დაბალი სეზონია, ხოლო იანვრის ბოლოდან უკვე ისევ მაღალი სეზონი იწყება, ანუ მოთხოვნა იზრდება. ჯერჯერობით გეგმას მივყვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 იანვრამდე შევსებულები ვართ და 7 იანვრიდან კი სტუმრების რაოდენობა შედარებით შემცირდება. გაყიდვების მიხედვით კი თებერვალში უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გაქვს. თუ კი რაიმე არ შეიცვალა თებერვალში დატვირთულობა 80-დან 90%-მდე იქნება“, – აღნიშნა „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ერეკლე კოკაიას თქმით, Gudauri Inn-ის სტუმრების უმეტესობა უცხოელი სტუმრები არიან.
„სტუმრები გვაქვს ისრაელიდან, ლიეტუვიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან. სტუმრების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვნება გაქვს და ისე არ არის, რომ მხოლოდ ერთი ბაზრიდან არიან. ჩვენი ჯავშნები გაკეთებული იყო რამდენიმე თვით ადრე და შესაბამისად ისეთი ჯავშნებია, რომ არ შეიცვლება. ანუ სტუმარს გეგმები რომ შეეცვალოს და არც ჩამოვიდნენ, თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. შესაბამისად ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ტურები არაფერი შეცვლილა. ცვლილება უფრო ინდივიდუალურ სტუმრებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ ინდივიდუალურად და არა ჯგუფთან ერთად. თუმცა ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებები არ ყოფილა. ცვლილება შეეხო ძირითადად ევროპიდან სტუმრებს“, – აცხადებს ერეკლე კოკაია.