ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე
“ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არა მხოლოდ აღიარებენ არჩევნებს, არამედ აღიარებენ ამ არჩევნებში საკუთარ შედეგებსაც.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათი მხრიდან კიდევ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ან პარლამენტს არ აღიარებენ, ან ა.შ. უკვე აღარ არის გონივრული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების და იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მათ შორის 29 დეკემბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია გაზაფხულის სასესიო სხდომებზე უკვე პარლამენტში შემოვა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.