თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს რეზოლუცია გინდ ყოფილა, გინდ არა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია გინდ ყოფილა, გინდ არა სისხლის სამართლის საქმეში, რადგან ის არც მოცემული პირების დანაშაულს ამტკიცებს და არც მათ უდანაშაულობას. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა, მისთვის გაუგებარია, ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეებზე ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად დართვის მიზანი.
“მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არის მოსამართლის გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საქმეზე იმას დაურთავს, რასაც მიიჩნევს საჭიროდ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა არის ან დართვის მიზანი ან არდართვიდან გამომდინარე დადებითი ან უარყოფითი შედეგი. ეს რეზოლუცია გინდ ყოფილა, გინდ არა სისხლის სამართლის საქმეში, იმიტომ, რომ ის არც მოცემული პირების დანაშაულს ამტკიცებს და არც მათ უდანაშაულობას”, – აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი არ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციიდან მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით “რაიმე ტიპის რეკომენდაცია არის გასათვალისწინებელი”. “რეკომენდაცია არის ერთადერთი – რეკომენდაცია შეეხება იმას, რომ სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. ამისთვის მე არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ეს ისედაც ვიცი. ეს იციან მოსამართლეებმაც”,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები