პრემიერი: ქვეყანაში სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა

ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ 4 წლის მანძილზე და ვფიქრობ, ეკონომიკური ტემპების, დამატებით გაზრდაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტების აზრი, რომ 2025-ში ვითარება უფრო გამძაფრდება და ეკონომიკა წავა უკან, მხოლოდ მათი ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია.

„მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ყველა კუთხით. ერთი, რომ ჩვენი სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა და ამის რესურსი არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ მალე დასრულდება უკრაინაში ომი. ვფიქრობ, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ურთიერთობების გადატვირთვას და ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად. რაც შეეხება ეკონომიკას, ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის 4 მცდელობა და ამის მიუხედავად ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა. პირველ ადგილზე გავედით ეკონომიკური ზრდით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. აქ ველოდებით ჩვენ მეტ სიმშვიდესაც 2025 წელს და რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ 4 წლის მანძილზე და ვფიქრობ, რომ დამატებით გაზრდაც შეგვიძლია ეკონომიკური ტემპების. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც არის უკვე დაწყებული, ან ძალიან მალე დაიწყება. ძალიან მასშტაბურ პროექტებზე ვმუშაობთ, ეს ეხება იგივე აეროპორტის პროექტს, საუნივერსიტეტო რეფორმას და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული ძვრები. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ამას, 4 წლის თავზე ქვეყანა იქნება განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე და დონეზე და მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი რესტარტი ამისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ბევრად უფრო რთული წლები გამოვიარეთ გასული 4 წლის მანძილზე. მშვიდობას აუცილებლად შევინარჩუნებთ, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ ჩვენს ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამისთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს გაწერილი ჩვენს სამთავრობო პროგრამაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი თავიდან ბოლომდე პირნათლად შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები