თეა წულუკიანი: ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და მოსახლეობამ არც კი არ იცის

 

   ჩვენი მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს იმის უნარი, ეს მიაწოდოს საზოგადოებას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში , საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრი მთავრობის მუშაობის ძირითად ხარვეზად კომუნიკაციის ნაკლებობას მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეების ერთი მესამედიც კი არ იცის მოსახლეობამ.
“ჩვენი მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს იმის უნარი, ეს მიაწოდოს საზოგადოებას. ეს არის დიდი ხარვეზი და შეცდომაც. ჩვენ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და მოსახლეობამ ერთი მესამედიც კი არ იცის. ეს არის ალბათ კომუნიკაციაში ჩვენი ხარვეზები. თუმცა ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რაც ჩვენი მთავრობის სტილია და რასაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი”, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ევროსაბჭოს რეზოლუციის იმ სახით მიღებისა, როგორც ევროსაბჭომ მიიღო.
“საზღვარგარეთ ფრონტი ისე დაკავებული არ გვაქვს, როგორც “ნაციონალებს” ჰქონდათ ან ახლა აქვთ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, ამაზე მთავრობა მუშაობს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა მთავრობის მიღწევებზეც ისაუბრა და მთავარ მიღწევებად მართლმსაჯულების რეფორმა და სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმა დაასახელა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროში უკმაყოფილო პატიმართა საჩივრებიც შემცირდა.
“ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა მართლმსაჯულების რეფორმა, რომელმაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები და ორ-სამ წელიწადში ჩვენ გვექნება ევროპული ტიპის მართლმსაჯულება. დღეს მოსამართლე არის თავისუფალი. სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარდა ძალიან სერიოზული და წარმატებული რეფორმა. განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. რამაც პირდაპირ გამოიღო შედეგი სტრასბურგის სასამართლოში ჩვენს დავებზე, თუკი ჩემი იქ მუშაობის დროს წელიწადში 100-150 ახალი საჩივარი შედიოდა ავადმყოფი პატიმრებისგან, წელს ცხრა თვის განმავლობაში ორმოცდაათიოდე საჩივარია, რომელთაგან თითზე ჩამოსათვლელია პატიმრებისგან ავადმყოფობაზე ჩივილი. ეს ნიშნავს, რომ დღეს ციხეში არ ავადდებიან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები