დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები