2024 წელს თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

მიმდინარე წელს თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული 190 საბავშვო ბაგა-ბაღის მეშვეობით 60 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურა.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, 2024 წელი დედაქალაქის მერიამ ხელფასების მატებით დაიწყო – 190 საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა – 13 335 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 15%-ით. მერის განცხადებით, ხელფასების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კერძოდ, აშენდა და გაიხსნა ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დასრულდა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბური პროექტი. ჯამში, ჩამოთვლილ 7 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯა 32 მლნ ლარი.

„ჩვენ ბაღების მშენებლობას ვაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, დაწყებული გვაქვს ხუთი ახალი ბაღის სამშენებლო სამუშაოები, ორ ბაღს კი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უტარდება რეაბილიტაცია. გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ყველა დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება – დაწყებული კვებით, სათამაშოების და თეთრეულის ჩათვლით, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელს გაიზარდა სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღების“ მასშტაბი და 45-ის ნაცვლად, დედაქალაქს 50 საბავშვო ბაღი მოემსახურა, რომლებმაც ჯამში მიიღო 18 000-მდე აღსაზრდელი.

თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას უკრაინელი ბავშვებისთვის გაწეულ მომსახურებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„2024 წელს გაფართოვდა ჰუმანიტარული პროექტი უკრაინელი ბავშვებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. N1 და N93 საბავშვო ბაღების შემდეგ, სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა ახლად გახსნილ N30 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში. შედეგად, 100-მდე ბავშვი ყოველდღიურად სარგებლობს უკრაინის ეროვნული სასკოლო მზაობის პროგრამით, ხოლო 1000-ზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა ისარგებლა N1 საბავშვო ბაღში მოქმედი „საბავშვო სივრცეების“ პროექტით და ეს რაოდენობა არის მზარდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები