ვახტანგ ჩოჩია – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: მაინტერესებს სამ მილიონზე მეტ ადამიანს როგორ იმახსოვრებს – ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მუქარები ევროპულ პრაქტიკას
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია კოალიცია ,,ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც ჩუმადაა და ამბობს, რომ ვერავინ ვერ დაიმალება და არავის სიჩუმეს არ დაივიწყებენ.
ჩოჩიას თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მუქარები ევროპულ პრაქტიკას.
,,ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების მხრიდან, კვლავ გრძელდება ფაშისტური დამოკიდებულებები, რომლითაც ისინი ცნობილები არიან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის იმახსოვრებს ყველა ადამიანს, რომელიც აქციაზე არ გამოდის. მე მაინტერესებს სამ მილიონზე მეტ ადამიანს როგორ იმახსოვრებს, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მათ დამუნათებას ცდილობს, რომ აი, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, შემდეგ თქვენს მიმართ რეპრესიებს განვახორციელებთ. თავად ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მუქარები ევროპულ პრაქტიკას, რომლისკენაც ვისწრაფვით“, – აღნიშნა ჩოჩიამ.