გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ეკონომიკა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მოქნილია
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია იმ სტანდარტებთან მიღწევა, რასაც ევროკავშირი ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მოქნილია.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას ეკონომიკური განვითარების განსაზღვრული პოლიტიკა აქვთ და მიაჩნიათ, რომ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება.
სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ უფრო მეტი ენერგოპროექტის განხორციელება რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
გიორგი მარგველაშვილმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციაზე გააკეთა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველში ბიზნესის კეთება მომგებიანია, რადგან ქვეყანაში კორუფცია არ არის და არსებობს გამარტივებული სერვისები.
პრეზიდენტი, ბიზნესმენებთან ოფიციალური სადილის ფორმატში, კითხვებს პასუხობს. შეხვედრაში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.