არაგვის ხეობაში კოლექტორის მშენებლობისა და სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში არაგვის ხეობაში საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობისა და ჩამდინარე წყლებით სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრა “მყარი ნარჩენების მართვის” კომპანიის დირექტორთან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეთანხმებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არაგვის ხეობაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით იმუშავებს.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შემუშავებული სქემა მდინარე არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობას ითვალისწინებს.
კოლექტორების საერთო სიგრძე დაახლოებით 51 კილომეტრს შეადგენს. საკოლექტორო სისტემა აღნიშნულ ტერიტორიაზე გასული საუკუნის 70-იან წლებში სერიოზული ხარვეზებით აშენდა, რომელიც ჟინვალიდან მცხეთამდე არსებული ჩამდინარე წყლების შეკრებასა და გაყვანას ითვალისწინებდა. თუმცა დღეისათვის სისტემა ამორტიზებულია და ის შეცვლას საჭიროებს.
არაგვის ხეობაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა კი ჩამდინარე წყლებით სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეს შეამცირებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის მიზნით სანაგვე ურნების მოწყობა იგეგმება.