“ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, წავიკითხეთ დასკვნა, მოვისმინეთ ზეპირი შეფასებები, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი. რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა, რამე სხვა მოლოდინი ჰქონდათ?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ “არნახული უცხოური ჩარევა” იყო საქართველოში.
„ვნახოთ, რა განხილვები იქნება. ერთადერთი ღია კითხვა არის დარჩენილი, რას ელოდება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა თუ ცალკეული ინსტიტუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ ჩვენ გვესმოდა საჯარო დაპირება, რომ ისინი დააკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს და არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი საფუძველი, დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, წავიკითხეთ დასკვნა, მოვისმინეთ ზეპირი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ბიუროკრატი. რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა, რამე სხვა მოლოდინი ჰქონდათ? ჩვენ ვხედავდით წინასაარჩევნოდ არნახულ უცხოურ ჩარევას ჩვენს არჩევნებში, მათ შორის, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც აქ დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნოის გარედან. გახსოვთ, მაშინ ჩვენ ვატარებდით მედიამონიტორინგს. დღეში საშუალოდ 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვხედავდით მათ შორის ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. ვნახეთ, დანიის სახელმწიფო როგორ აფინანსებდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას და სააკაშვილის პლაკატების გამოფენები რომ ხდებოდა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალად შეფუთულ საარჩევნო ღონისძიებებში. ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში, ოპოზიციამ არ ჩაატარა ცალკე თავისი დასკვნითი ღონისძიება და ნაცვლად ამისა, „ენჯეოებმა“ ოპოზიციას დაუფინანსეს 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დასკვნითი ღონიძიება. ეს ყველაფერი შორსაა ევროპული ღირებულებებისგან და უფრო მეტად და მეტად უახლოვდება იმას, რასაც სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან ხოლმე. სხვა დროსაც ვთქვი, არის გამონათქვამი – ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართული არიან რუსეთთან ბრძოლით და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი უწოდებენ არადემოკრატიულ ქცევას და ა.შ. რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.