პაპუაშვილი – ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებზე: ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია
“ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია – დიდი ხანია, ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თავს ესხმიან ქართველ ხალხს.
„რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა გასაგებია, ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, რაც ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული. ამიტომ, გულსატკენია, რომ ხელისუფლებები, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თავს ესხმიან ქართველ ხალხს.
ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლება ჩართული იყო, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესში, ვხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ. მაშინვე ვამბობდი, რომ საქმე არასერიოზულ ხალხთან გვაქვს, რომლებმაც ერთადერთ რამეს შეიძლება მიაღწიონ – ისინი ჩვენ ვერ დაგვაზიანებენ, თუმცა შეეძლოთ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა დაეზიანებინათ.
დღეს ვნახეთ საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ ასეთ მდაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც გვეკადრება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.