ზაქარია ქუცნაშვილი თენგო ერისთავის გათავისუფლებას მიესალმება

„მივესალმები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც თენგო ერისთავის გათავისუფლება მოხდა“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, გარკვეული გადაცდომები ხდება, თუმცა ეს გადაცდომები სისტემურ ხასიათს არ ატარებს და მასზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება.
„მივესალმები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც თენგო ერისთავი გათავისუფლდა. ფაქტია, რომ ცალკეული დარღვევების მიუხედავად, სასამართლო და პროკურატურა ადეკვატურ ორგანოებად რჩებიან. დღეს გარკვეულ გადაცდომებზე მყისიერი რეაგირება ხდება. განსხვავება ძველ და ახალ მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ბოლო მოეღო. ხელისუფლება, არც სამართალდამცავი ორგანოები და არც სასამართლო ხელისუფლება არ ცდილობს, მსგავსი შემთხვევების დაფარვას. ბუნებრივია, იქნება გარკვეული გადაცდომები, თუმცა მას ყოველთვის მოჰყვება ადეკვატური რეაგირება“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თენგო ერისთავი პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული. თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. არსებული ინფორმაციით, გირაოს რაოდენობა 10 000 ლარს შეადგენს. სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა, რაც სასამართლომ დასაშვებად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიება 10 000 ლარის გირაოთი შეიცვალა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. ერისთავი 17 სექტემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს. მის დაკავებას ოჯახის წევრებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ერისთავს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედება. ერისთავი დანაშაულს არ აღიარებს, მისი თქმით, სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები