„არის მიზეზები, რის გამოც, მერიის თანამშრომლები დანამატს საჭიროებენ“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემაზე საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მერიაში არსებობს მთელი რიგი სამსახურები, რომელთა წარმომადგენლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დანამატს საჭიროებენ.
ქუცნაშვილის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირები იღებენ თბილისის მერიაში დანამატს. „სახელფასო სისტემა სამი კომპონენტის ერთობლიობაზეა დაფუძნებული, ესენია: სახელფასო განაკვეთი, დანამატი და პრემია. პრემიაზე მთავრობამ უკვე საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დააწესა. ხელფასს თანამდებობის პირებთან მიმართებაში ადგენს კანონი. რაც შეეხება დანამატს, იმ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც სჭირდებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თანამდებობრივ უფლებამოსილებას ასრულებენ არა მხოლოდ კაბინეტური მუშაობისას. მერიაში არის მთელი რიგი სამსახურები, რომლებიც ვალდებულები არიან, დროის შეუზღუდავად იმოძრაონ თბილისში და მასშტაბური სამუშაოები ჩაატარონ. შესაბამისად, ისინი სახელფასო დანამატს საჭიროებენ “, – განაცხდა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, მერიის მაღალჩინოსნები სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს იღებენ. ბრძანებულების მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 ათას ლარს შეადგენს. ეს თანხა 26-ს ადამიანზე ნაწილდება. სიაში არიან: მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, აპარატის უფროსები. მათ შორის არ არის თავად დედაქალაქის მერი. განკარგულების თანახმად, დანამატს მერიის თანამშრომლები წლის ბოლომდე აიღებენ. მერიაში ამ თემის კომენტირებისგან თავს იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები