ირაკლი ყურაშვილი – არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული და ჩვენ ამას ღირსეულად და სამართლიანად მივაღწევთ
არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული და ჩვენ ამას ღირსეულად და სამართლიანად მივაღწევთ,- ამის შესახებ ნათქვამია ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის სტატიაში, რომელსაც ერთ-ერთი ლატვიური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
როგორც ირაკლი ყურაშვილი აღნიშნავს, საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი და აგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას.
საქართველოს ელჩი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, 2028 წლისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითა და DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული, რადგან სწორედ ამ ვალდებულებების შესრულება უხსნის საქართველოს გზას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ, საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო და გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორია ჩვენი პოზიცია და სად ვდგავართ, როგორც ქვეყანა.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე არ დააყენოს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ევროკავშირთან, რადგან ევროკავშირმა შემდეგი გაფართოების მიზნობრივ თარიღად 2030 წელი გამოაცხადა. ეს საქართველოს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასასრულებლად ორ წელს აძლევს, იმის გათვალისწინებით, რომ 2028 წლისთვის საქართველო დააკმაყოფილებს გაწევრიანების კრიტერიუმების უმრავლესობას, როგორც ეს ასახულია როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში.
ამავე განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროინტეგრაცია და დღეიდან 2028 წლამდე გვექნება გონივრული დრო ადეკვატურად მომზადებისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
არცერთ შემთხვევაში, საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, იგი აგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას. ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითა და DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული. უფრო მეტი სიცხადისთვის, სწორედ ამ ვალდებულებების შესრულება უხსნის საქართველოს გზას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა შორის.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია: „კონსტიტუციური ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ ყველა ზომას, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“. არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება ჩვენს უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. თუმცა, ჩვენ ამას ღირსეულად და სამართლიანად მივაღწევთ”,- აცხადებს ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.