ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს – მათ ძალიან მაგრად მართეს პროცესები

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს ესროდნენ ქვემეხებს და ესროდნენ ავტომატით. დღეს იგივეა, ფაქტობრივად, ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა.

არავის არ მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი – პოლიციელებზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, პირველ რიგში, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს. მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა, თავიდან აარიდა ჩვენ ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა – რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთდა მთავრობის მხრიდან – მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ – ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.

ასევე, საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას – სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები – კუბოს დაწვა და ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.

იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი – 1 მილიონ 120 ათასი ადამიანი გამივიდა და თქვა, რომ სურს, ხელისუფლებაში დარჩეს “ქართული ოცნება”. ვის აქვს უფლება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია?! მით უმეტეს, არცერთი გაყალბების ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყლდა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები