ირაკლი გოგავა: 5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია “საკრალური მსხვერპლი”, რომელიც პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს

“5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია – “საკრალური მსხვერპლი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, საქმე სერიოზულად არის.

“მსხვერპლი პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “საკრალური მსხვერპლის” ტექნოლოგიის რეალიზება ამ კვირაში იგეგმება.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან: “…დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაჰბრალდეს ხელისუფლებას. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას…”
გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები, ნაცნობი ჟურნალისტები, ვინც აქციებზე დადის, ამ კვირაში მოერიდონ იქ მისვლას. საქმე სერიოზულად არის, რადგან წინასწარ დააზიანეს ვიდეოკამერები, რომ დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება გაჭირდეს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადების სრული ტექსტი იხილეთ კომენტარებში.
გაავრცელეთ ეს პოსტი, ბევრმა ნახოს, ფრთხილად იყოს და თავი მოარიდოს რეალურ ხიფათს”, – წერს ირაკლი გოგავა.

ცნობისთვის, სუს-ის განცხადებით: “დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები