“ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, ოპოზიციის მთავარი მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს, მსხვერპლზე რომ არიან წამსვლელები, არავის უკვირს” – ვოლსკი

“ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის შეუქცევადი და დამანგრეველი პროცესების განვითარების წინაპირობა იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ყველაფერი ზედაპირზე დევს, ყველა პოზიცია გამჟღავნებულია – ადამიანების გარკვეული რაოდენობა არსებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომელთაც კრიტიკული ანალიზი არ აქვთ მიმდინარე პროცესების. შესაძლოა, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც პოლიტიკური პრეფერენციებით გამოხატავენ პოზიციებს. ოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. ის, რომ მსხვერპლზე არიან წამსვლელები, ეს არავის უკვირს. მათთვის სისხლი და ადამიანის სიცოცხლე არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არის გამოსული საპროტესტო აქციებზე და მართლა ჰგონიათ, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის. დრო მოვა და დარწმუნდებიან, რომ მსგავსი არაფერი არათუ არ არსებობს და არც იარსებებს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის შეუქცევადი და დამანგრეველი პროცესების განვითარების წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება მიმდინარე კვირაში სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს ორი-სამი ადამიანის მსხვერპლი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები