“ახალგაზრდები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს საშუალება, გამოიყენონ ისინი არეულობის და ქაოსის შესაქმნელად” – გივი მიქანაძე
“ეს აქციები არის დაორგანიზებული და ძირითადად მართული იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, დაჯგუფებების შექმნა ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა.
„ახალგაზრდები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს საშუალება, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამოფარებულები არიან სწორედ ამ ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ისინი არეულობის და ქაოსის შესაქმნელად. რაც შეეხება იმ მოცემულობას, რაზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და რაზეც ჩვენ ვიხილეთ ვიდეო ჩანაწერები ერთგვარი დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა. თითოეული ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ერთგვარი ბანდფორმირებები იქმნებოდა; ეს არ არის ის საქართველო, როდესაც სახელმწიფოებრიობის საკითხის არსებობა – არარსებობის საკითხი იდგა; ეს არის შემდგარი ქვეყანა, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიურად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას. სისხლის სამართლის კოდექსიც კი კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ ეს კარგი ინიციატივაა ან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი ფორმირების შექმნა – დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ჩაუყარეს საფუძველი, არ მისცენ ამას გავრცელების შესაძლებლობა იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დააყენოს დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მიქანაძემ.