დავით უსუფაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვედა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყანის ისტორიულ ურთიერთობასა და სამომავლო კავშირებზე, მათი განვითარების ახალ პერსპექტივებზე. ყურადღება დაუთმეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, ასევე კულტურის სფეროში ურთიერთობის კონკრეტულ საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
როგორც სტუმარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო დონეზე ურთიერთმხარდაჭერას გამოხატავენ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის შეფასებით, მართალია საქართველომ და სომხეთმა სხვადასხვა საერთაშორისო გეზი აიღეს, მაგრამ ამ ყოველივემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო უნდა დაახლოვოს და ამ ურთიერთობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღოს.
შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში არსებულ პრობლემებსაც დაეთმო და მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილი. შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, გალუსტ საჰაკიანის ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, გალუსტ საჰაკიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სამდღიანია და იგი 8 ოქტომბერს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, ასევე სომხურ დიასპორასთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის 8 ოქტომბრის შეხვედრის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები