დიმიტრი ხუნდაძე – მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე: დიდი ალბათობით, მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა
პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის ეს კი არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა.
დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში.
ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.