მთავრობის ადმინისტრაციას მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი უწევს კონსულტაციას

მთავრობის ადმინისტრაციას მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი უწევს კონსულტაციას.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რომელიც ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს ეფუძნება, საქართველოში მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი იმყოფება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეფორმა, სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტი კოორდინაციისა და მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, მნიშვნელოვან სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ცვლილებებს გულისხმობს.
ედ მელკერტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კონსულტაციას უწევს საგარეო დახმარების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო პრიორიტეტებთან შესაბამისობისა და პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ედ მელკერტი, რომელიც საქართველოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის პროექტის მხარდაჭერით სტუმრობს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს და დონორების კოორდინაციის სამმართველოს გუნდს შეხვდა. ედ მელკერტი არის ჰოლანდიის სოციალურ საკითხთა და დასაქმების ყოფილი მინისტრი; სხვადასხვა დროს იგი იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ასოცირებული ადმინისტრატორი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ერაყში. მას აქვს დიდი გამოცდილება დასაქმებისა და უმუშევრობის შემცირების ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, საჯარო და ბიზნესსექტორებს შორის კავშირის გაძლიერებასა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაში, მას აგრეთვე შეუძლია, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს მთავრობას, მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის სტანდარტების ამაღლების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები