„კეზერაშვილი მაპროვოცირებდა და ხაშურში საცავის აფეთქებით იმუქრებოდა, სადაც ქართველებიც დაიღუპებოდნენ“
გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი, პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან – დავით კეზერაშვილთან დაპირისპირებას იხსენებს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსულ მხარეს აშანტაჟებდა და ხაშურის იარაღისა და თანამედროვე ტექნიკის საცავის აფეთქებით იმუქრებოდა, რომელიც, ბორისოვის განცხადებით, რუსულ მხარეს უნდა დაჰბრალებოდა. რუსი გენერალი ამბობს, რომ არასერიოზული იყო კეზერაშვილის ბრალდება, თითქოს რუსული მხარე საცავის განადგურებას ცდილობდა. ბორისოვის განმარტებით, უნდა გავრცელებულიყო ვერსია, თითქოს რუსული მხარე საქართველოს ხსენებული რეგიონის მიტაცებას ცდილობდა, რის გამოც საცავის დაცვის წევრები დააკავეს, ხოლო მასში არსებული ტექნიკა სამხედრო მანქანებით გაიტანეს.
„ხაშურში პირველი საცავი ავიანაღმები იყო, მეორე საცავი – რეაქტიული აღჭურვილობის ე.წ. კატიუშები, მესამე საცავი კი – საინჟინრო აღჭურვილობის. სასაცილო ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა ქართული მხარე, თითქოს ხაშურში მყოფმა ლეინტენანტმა და ორმა ჯარისკაცმა მძევლად აიყვანა საცავის 22 ქართველი შეიარაღებული მცველი, შემდეგ კი ტექნიკის გატანა სცადეს. კეზერაშვილმა დაიწყო ჩემი პროვოცირება. „ნახე, მობილური მაქვს ხელთ, ყველაფერს ადგილზე ვაკონტროლებ, თუკი ისინი იქ რაიმეს დააპირებენ, მე დავაჭერ მხოლოდ ერთ ღილაკს ხელს და უზრუნველვყოფ საცავის აფეთქებას. მოკვდება ჩვენი 5, თქვენი კი 20 ჯარისკაცი. იქვე, ტყეში არიან ჟურნალისტებიც და მათი მეშვეობით მე გავავრცელებ ინფორმაციას, რომ თქვენ ამ ტერიტორიის განადგურებას ცდილობთ“, – მითხრა კეზერაშვილმა. მე დავურეკე მეთაურს და ვუთხარი, არაფერს შეხებოდნენ. შეგიძლიათ, თავად ესტუმროთ და ნახოთ, ეს საცავი ალბათ დღემდე იქ დგას. იქ არავის არაფერი ჩაუდენია. კეზერაშვილი ამ ყველაფრის პროვოცირებას ახდენდა“, – განაცხადა გენერალმა ბორისოვმა.