ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ნატო–საქართველოს თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში, საქართველო და ლიტვა ერთობლივ სამხედრო წრთვნებს ჩაატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუზას ოლეკას შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე თანამშრომლობს ლიტვაში არსებულ ნატო–ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრთან და მონაწილეობს ცენტრის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომელიც ლიტვას საქართველოსთან აკავშირებს. მისი თქმით, ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში; ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას.
შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანი მინდია ჯანელიძე და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია დაესწრნენ.