მაია ბითაძე: იმედი მაქვს მშობლები დაფიქრდებიან რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს და რა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ეს პროცესი მათ შინაგან მდგომარეობაზე
იმედი მაქვს მომდევნო დღეებში უფრო დასტაბილურდება ბავშვების აქციაზე გაყვანის პროცესი და მშობლებიც დაფიქრდებიან რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს და რა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ეს პროცესი მათ შინაგან მდგომარეობაზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბავშვების სკოლებიდან ქუჩაში გაყვანა პრეზიდენტის მიერ წახალისებული და რადიკალების დაორგანიზებულია.
„ყველა მოთამაშე, რომელიც ოპოზიციის ფლანგს წარმოადგენს, პრეზიდენტიანად, ერთიანად ათამაშებს კარტებს. იქნება ეს ძალადობა ქუჩაში, ამის პროვოცირება. მათ შორის ვხედავთ „ნაცმედიების“ განცხადებებს, რომ ისინი მზად არიან ფეიერვერკით და დამატებითი საშუალებებით მოამარაგონ ადამიანები, რომლებსაც ომი აქვთ გაჩაღებული თბილისის ქუჩებში. ასევე იყო სკოლის მოსწავლეების ქუჩაში ორგანიზებული გამოყვანა, რომელიც პრეზიდენტმა წაახალისა და დაორგანიზებული იყო რადიკალების მიერ. ეს გაირკვა იმ სატელეფონო ექსპერიმენტში, რომელიც „იმედმა“ ჩაატარა, რომ არაფერი ვთქვათ იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვაქვს. მე მიხარია, რომ ამ პროცესმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით აქტიურად იყო პროვოცირებული გუშინ, დღეს იკლო და იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეებში დასტაბილურება უფრო მდგომარეობა. მათ შორის მშობლებიც დაფიქრდებიან რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს და რა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ეს პროცესი მათ შინაგან მდგომარეობაზე. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბავშვები ერთმანეთსაც კი აბულინგებდნენ რიგ შემთხვევაში“, – აღნიშნა ბითაძემ.