გიორგი ჩაკვეტაძე: ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხის შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ

„ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების თემის შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ! ისევე როგორც, ეს ხდებოდა კანდიდატის სტატუსით 2 წლის განმავლობაში…”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩაკვეტაძის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველო თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში ყოველთვის იტყვის.

“დეკლარირებულია, რომ ევროკავშირი 2030 წლამდე არ გაფართოვდება. გვაქვს მიზანი, ამ პერიოდისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის.

ამის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ეკონომიკა. მესამე წელია, ჩვენს ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2024 წლის ოქტომბერში, რეალური მშპ-ის ზრდამ 11% შეადგინა და პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

ქართულმა ოცნებამ ჩაწერა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი. ამ დროსაც, ე.წ. ოპოზიცია ბოიკოტში იყო.

ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებას 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას დაჰპირდა და ეს დაპირებაც გაცილებით ადრე შეასრულა.

მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია, თუმცა ყველამ უნდა დაიცვას კანონი. ამ ადამიანების ნაწილის აღშფოთება არ მახსენდება, როდესაც საქართველო რამდენჯერმე დაჩაგრეს. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება, გარკვეულმა ჯგუფებმა ფასი დაუკარგეს.

ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გვაქვს გეგმა, 2028 წლამდე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული.

ჩვენთვის უმთავრესი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაა, რისთვისაც საზოგადოებამ მხარი 26 ოქტომბერსაც დაგვიჭირა.

ღირსებით ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში ომს, არეულობას, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოს მუდმივი რყევის მცდელობებს.

საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში!

დიდება საქართველოს!“,- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები