რაჭაში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებს, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. თოვლწმენდის სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით განხორციელდება და შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 27 სოფელში.

ამ დროისთვის სრულად აღდგენილია ქ. ონში ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები; ირის, ქვედრულა – ქვედის, წედისის, სხანარის, ზვარეთის, ხეითის, შქმერის, ბოყვის, მრავალძლის, ქრისტესისა და ხირხონისის მიმართულებით. სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად ყველა თემში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები