დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე: ჯერჯერობით ასეთი განცხადება ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა
„თუ ვინმეს სურს, რომ პირადად მან უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, უარი უნდა განაცხადოს მანდატზე, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება. ჯერჯერობით ასეთი რამ ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, ოპოზიციის სიტყვის დაჯერება არ შეიძლება.
,,შესაძლებელია, იმას არ გამოვრიცხავ რომ პროცედურულ ნაწილში არის სადღაც შემოტანილი პარლამენტში, მაგრამ ფაქტი, რომ ეს იყოს ჩვენი კომიტეტის განხილვის საგანი დღეს, ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ, სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არ შეიძლება. ტყუილების ხვედრითი წელი მათ ცხოვრებაში არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სიმართლის და ეს არაერთგზის მათ საზოგადოებას უკვე დაუმტკიცეს.
ხვალ და ზეგ როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ის ოპოზიცია, რომელმაც წინა პარლამენტის ფორმატში ძალიან მალევე, ვითომ არ შემოდიოდნენ და მერე განაცდური ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმ ოპოზიციისგან რას შეიძლება ველოდოთ, ეს ღიად დამიტოვებია საზოგადოებისთვის პასუხის გასაცემად“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.