დავით მათიკაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ უსამშობლო და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი საქართველოს მეტი აღარასდროს არ ეყოლება
„პრეზიდენტის საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც საყოველთაო სახალხო წესით არ მოხდება პრეზიდენტის არჩევა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალს სჭირდება პროფესიონალი, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული ადამიანი.
“ეს არის ამერიკული მოდელი, ეს არის ბევრ ქვეყანაში გავრცელებული და მიღებული მოდელი და გამორჩეულად საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში არის ძალიან შეზღუდული. საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო სწორი და მიღებულია, როდესაც პარლამენტისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმომადგენელი დელეგატების მიერ ხდება პრეზიდენტის არჩევა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ უსამშობლო და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი საქართველოს მეტი აღარასდროს არ ეყოლება. საქართველოს მომავალს სჭირდება პროფესიონალი, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული, საკუთარი ტრადიციების, ხალხის, წეს-ჩვეულების მიმდევარი და მოყვარული ადამიანი, რომელიც იქნება გამომხატველი არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სრულიად საქართველოს ინტერესის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.