“მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ” – გიორგი გახარია
“მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ, სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც არსებულ კრიზისზე ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის”, – ამის შესახებ პარტიის – “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს.
მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიაში წნეხს ვერავინ ვერავისზე მოახდენს.
“ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს არაფერი, რეალური შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს, რადგან ამომრჩეველი არის რეალურად გაბრაზებული. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს, ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ. დღეს არა, დავტოვებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ“, – განაცხადა გახარიამ.