ბაჩო ახალაია: გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა
ყოფილი შსს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე “არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა”.
,,მინდა, ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოზე ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს არ მიუღიათ. ეს არის დიპლომატიურ, კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000- ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა ახალაიამ.
მისივე განმარტებით, ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია.
,,მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ. ამ რეზოლუციის მიღებამდე და მიღების შემდეგ არაერთი მკვეთრი განცხადება გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა, რომელიც სასამართლოზე წამოვა. მე, თუ მოლოდინი მქონდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობული”, – მიმართა ახალაიამ მოსამართლეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა კი მიმალვაში იმყოფება.