კაცი, რომელმაც მილიონი ადამიანი გამოკვება — ნარაიანან კრიშნანის ისტორია
როდესაც ადამიანების უმეტესობა კარგ სასადილოზე ფიქრობს, ისინი წარმოიდგენენ ელეგანტურ გარემოსა და სასადილოს მდიდარ პატრონებს, მაგრამ ნარაიანან კრიშნანმა, ოდესღაც ინდოეთის კულინარიული სამყაროს ამომავალმა ვარსკვლავმა, სხვა გზა აირჩია. მან პრესტიჟული კარიერა მშივრებისა და უსახლკაროების გამოსაკვებად მიატოვა და ცხოვრება თანაგრძნობასა და მსახურებას მიუძღვნა.
ყველაფერი შემთხვევითმა შეხვედრამ შეცვალა. 2002 წელს, საკუთარ მშობლებთან სტუმრობისას, კრიშნანმა დაინახა ხანში შესული უსახლკარო მამაკაცი, რომელიც სასოწარკვეთილი ჭამდა ნარჩენებს. სანახაობამ ის შეძრა.
„მე დავინახე, როგორ ჭამდა ადამიანი ნარჩენებს და ჩემს თავს ვკითხე, თუ რას ვაკეთებდი ცხოვრებაში.“ – იხსენებს კრიშნანი. ეს წუთი გარდამტეხ მომენტად იქცა. მან გადაწყვიტა, მიეტოვებინა პერსპექტიული კარიერა და ცხოვრება მშივრების გამოკვებისთვის მიეძღვნა.
ფორმალური გეგმის გარეშე, თუმცა ადამიანების დახმარების ურყევი სურვილით, 2003 წელს კრიშნანმა Akshaya Trust გახსნა. საკუთარი დანაზოგით, მან პატარა სამზარეულოში კერძების მომზადება და უსახლკაროებისთვის მიწოდება დაიწყო. ის პირადად ამზადებდა, ალაგებდა და ავრცელებდა საკვებს, ხშირად კი, ყოველდღიურად 400-ზე მეტ ადამიანს კვებავდა.
ყველაფერი მხოლოდ საჭმლითაც არ შემოიფარგლებოდა. კრიშნანი უსახლკაროებსა და ღარიბებს ემოციურ და ფიზიკურ მხარდაჭერას უწევდა: პარსავდა წვერს, ჭრიდა თმას და აბანავებდა მათ, ვინც საკუთარ თავზე ვერ ზრუნავდა. მისმა თანაგრძნობამ საზოგადოებაში ის ღირსება დააბრუნა, რომელიც, თითქოს, დავიწყებას მისცემოდა.
დროთა განმავლობაში, Akshaya Trust გაიზარდა. კრიშნანმა ააშენა თავშესაფარი ოჯახების მიერ მიტოვებული და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის. დღესდღეობით, მისი გუნდი ყოველდღიურად ასობით ადამიანს ეხმარება, რაც არა მხოლოდ საკვებს, არამედ მათთვის სიყვარულისა და იმედის მიცემას გულისხმობს.
კრიშნანის თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2010 წელს იგი დასახელდა CNN-ის „TOP ტოპ 10 გმირს” შორის, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.