შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
“პროექტი მოიცავს 700 ჰექტარამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს. პროექტი საერთო ჯამში 700 ათასი ახალი ნერგის დარგვას ითვალისწინებს.
ასევე შეიქმნა მცირე ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებულია 20 კმ-მდე ტურისტული ბილიკი, მონტაჟდება ძელსკამები, ეწყობა თბილისზე გადმოსახედები, მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს ფონდი „ქართუ” ახორციელებს და მისი ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.