Reuters: ტრამპის გუნდი პენტაგონის ოფიცრების სიას ადგენს, რომლებიც უნდა გაათავისუფლონ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ადგენს სამხედრო ოფიცრების სიას, რომელთა გათავისუფლებაც პენტაგონიდან იგეგმება,- ამის შესახებ „როიტერი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, უჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ გეგმას თავად ტრამპი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე პასუხისმგებელი სამხედრო მაღალჩინოსნების გათავისუფლებაზე.
ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომავალი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს იმ სამხედრო ოფიცრებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან დონალდ ტრამპის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან, მარკ მილისთან.
წყაროს თქმით, ყოველი ადამიანი, რომელიც დანიშნული იყო მილის მიერ, გათავისუფლდება.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ლიდერების თანამდებობიდან გათავისუფლების გეგმების გამჟღავნება მას შემდეგ ხდება, რაც დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე კანდიდატად „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეტი დაასახელა.