პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
პარიზის პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნოს და საჯარო თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალოს,- ინფორმაციას Politico ავრცელებს.
სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სთხოვს, ლე პენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რომელთაგან სამი პირობითი იქნება. თუ ასეთი განაჩენი დადგება, ლე პენი 2027 წელს დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ კვირას ლე პენმა განაცხადა, რომ მეოთხედ აპირებს კენჭი იყაროს საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
“თუ ხელისუფლება ამის უფლებას არ მომცემს, აღმოჩნდება, რომ მილიონობით ფრანგს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება”,- განაცხადა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს საკუთარი შუამდგომლობით მიმართა, საკუთარი არგუმენტების წარდგენა ლე პენსაც შეეძლება. განაჩენი, სავარაუდოდ, 2025 წლის დასაწყისში გამოცხადდება.
Politico-ს განმარტებით, თუ ლე პენს დამნაშავედ ცნობენ, მას აპელაციის უფლება ექნება, თუმცა პროკურატურა განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს.
ლე პენის წინააღმდეგ ევროპარლამენტის ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საქმის გამოძიება 10 წლის წინ დაიწყო. თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულმა ბიურომ (OLAF) ლე პენს 339 მილიონი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა. პოლიტიკოსს ბრალად ედება ის, რომ ის მისი სამდივნოს უფროსს კატრინ გრიზეს და დაცვის თანამშრომელს ტიერი ლეჟიეს, ხელფასს ევროკავშირის ფონდებიდან უხდიდა მაშინ, როცა ხსენებული პირები პარტიაში მუშაობდნენ.