ნიკოლოზ რურუა: დემოკრატიულ ქვეყანაში სიტუაციის გარკვევამდე პოლიციელი არ უნდა დავადანაშაულოთ

   საქართველოს კუტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა ქუთაისში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. ნიკა რურუას მიაჩნია, რომ ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა პოლიციელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული უნდა იყოს.
„გუშინდელ ინციდენტს მინდა შევეხმიანო, როდესაც პოლიციელის მიერ დევნის განხორციელებისას დაიღუპა ადამიანი. ბუნებრივია, გამოსაძიებელია, ხომ არ მოხდა ძალაუფლების გადამეტება ან მისი ბოროტად გამოყენება, მაგრამ ამის მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ დროს უნდა იყოს პოლიციელის მხარესაც, ვინც კანონს იცავს. ასეა ეს ყველა ნორმალურ, სტაბილურ და დემოკრატიურ ქვეყანაში და ავტომატურად არ უნდა დავადანაშაულოთ პოლიციელი სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე, რადგანაც ასეთი მიდგომა ქაოსის წინაპირობაა. პოლიციისა და პოლიციელების გარეშე სახელმწიფო და შესაბამისად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება პირველყოფილ მდგომარეობას დაუბრუნდება, რადგანაც ყველას საკუთარი ძალებით მოუწევს თავდაცვა. ეს ჯუნგლებში დაბრუნებას ნიშნავს. პოლიციელი კანონის დაცვისა და აღსრულების ერთ-ერთი უმთავრესი მოქმედი პირია ქვეყანაში. დროა შევიგნოთ, რომ ჩვენს საკუთარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ – არა დაპყრობილ ქვეყანაში სადაც პოლიციელიც, სამხედროც და ყველა სხვა წარმომადგენელი ხელისუფლებისა დამპრობელს ემსახურება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, ყველა ჩვენი დროებითი პრობლემის მიუხედავად, ჩვენი პოლიციელები ჩვენ და ჩვენს კანონებს იცავენ“, – წერს ნიკოლოზ რურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები