მარია ზახაროვა – “გვსურს შევახსენოთ ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს, ბრიუსელს, რომ ისინი აგრძელებენ ცეცხლთან თამაშს”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი კიევისთვის დარტყმის ნებართვის მიცემას რუსეთის ფედერაციის სიღრმეებზე, ნატოს ქვეყნებთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში შესვლად მიიჩნევს.  

ზახაროვას განცხადებით, შესაბამის გადაწყვეტილებაზე რუსეთის ფედერაციის პასუხი დასავლეთისთვის გარდაუვალი და დესტრუქციული იქნება.

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განზრახვაზე, დაერწმუნებინათ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ ინაუგურაციამდე კიევს რუსეთის სიღრმეში Storm Shadow-ის სარაკეტო დარტყმის ნებართვა მისცეს.

“გვსურს შევახსენოთ ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს, ბრიუსელს, რომ ისინი აგრძელებენ ცეცხლთან თამაშს”, – დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით შორ მანძილზე დარტყმის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა:

„რუსეთის ფედერაციაზე შორ მანძილზე დარტყმის განხორციელების ნებართვა კონფლიქტში ნატოს უშუალო ინტერვენციის ტოლფასია“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, თუ გადაწყვეტილება მიიღება, ეს კონფლიქტის არსს შეცვლის და ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები