არაბული მედია: გასული დღის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, ლიბანში კი 28,- ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის სამიზნე გახდა ქალაქი ღაზა, დეირ ელ-ბალაჰი, ბეით ლაჰია, ხან იუნისი, ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარები ჩრდილოეთ ღაზის თავშესაფრებს თავს გაეროს დახმარების მიწოდების შემდეგ დაესხნენ. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტო (OCHA) აცხადებს, რომ ისრაელმა უარყო ან შეაფერხა ყველა მისი მცდელობა, მიეწოდებინა საკვები და ჯანდაცვის საშუალებები ალყაში მოქცეული ჩრდილოეთ ღაზაში მყოფი ათიათასობით ადამიანისთვის.