კენტერბერის არქიეპისკოპოსი თანამდებობიდან გადადგა – მან ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დამალა
ინგლისის ეკლესიის კავშირის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, რომელიც ბავშვებზე ძალადობის საქმესთან არის დაკავშირებული, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ველბიმ განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ველბიმ 2013 წელს პოლიციას ადვოკატისა და მქადაგებლის, ჯონ სმიტის მიერ ბავშვებისა და მამაკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ არ შეატყობინა.
„ნათელია, მე უნდა ვიღებდე როგორც პირად, ასევე ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ გადადგომა ინგლისის ეკლესიის ინტერესებშია. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ინგლისის ეკლესია ცვლილებების აუცილებლობას და ჩვენს ღრმა ვალდებულებას, შევქმნათ უსაფრთხო ეკლესია“, – განაცხადა ჯასტინ ველბიმ.
პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პრემიერი პატივს სცემს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დატოვებს არქიეპისკოპოსი თანამდებობას, თუმცა სავარაუდოა, რომ შემცვლელის მოძიების პროცესი, სულ მცირე, ექვს თვეს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჯონ სმიტი იყო ცნობილი ადვოკატი და მქადაგებელი, რომელიც ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის საზაფხულო ბანაკებს მართავდა. ანგარიშის თანახმად, მან 1970-80-იან წლებში ბანაკებში გაცნობილ 30-მდე ბიჭზე იძალადა. შემდგომში სმიტი ზიმბაბვეში, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც სავარაუდოდ კიდევ 100-მდე 13-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭზე იძალადა. ინგლისის ეკლესიამ კი ამ ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა. სმიტი 2018 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.