ლევან დავითაშვილი: „ტრანსკასპიური და კავკასიური მწვანე დერეფნის ენერგეტიკული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის”

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს, არის ტრანსკასპიური და კავკასიური მწვანე დერეფნის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც, მოიცავს ასევე საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზით. პროექტი საშუალებას გვაძლევს, უფრო მიმზიდველი იყოს საქართველოს ენერგოსექტორი ინვესტორებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ეს როგორც ევროპის, ისე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციასთან (COP29) დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„ვფიქრობ, COP-ის ფარგლებში ამ პროექტის პრეზენტაცია ძალიან სიმბოლურია, რადგან დღის წესრიგი, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, მჭიდროდ არის დაკავშირებული ე.წ. მწვანე ენერგეტიკასთან, ენერგოპოლიტიკასთან, რადგან გვესმის, რომ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ზოგადად, მსოფლიოში არის ენერგოსექტორი. საქართველოს შემთხვევაშიც, 60 პროცენტზე მეტი ზემოქმედება მოდის სწორედ ენერგოსექტორიდან კლიმატის კუთხით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება სათბური გაზების შემცირებას, იყოს რეალიზებული ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიც არის, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტი, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ერთობლივად ვახორციელებთ” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკული და ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით.

„პროექტი საშუალებას გვაძლევს, უფრო მიმზიდველი იყოს საქართველოს ენერგოსექტორი ინვესტორებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ეს ევროპისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვისაც. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის განხორციელებით ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება ეკონომიკური ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის გლობალურ მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ რეგიონალური პროექტი, რადგან მისი შემდგომი ფაზები ითვალისწინებს დაკავშირებას შუა აზიისა და, ზოგადად, აზიის ქვეყნებთან.

„დღეს მსოფლიოში ელექტროგადაცემა შემოფარგლული არ არის რეგიონული კუთხით ანუ ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნები გლობალურ ქსელში ერთვებიან და ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ამაღლებს, რომელიც ასეთი პროექტების მონაწილეა და მეორე მხრივ, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები