“წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გერმანიის პოლიტიკური ელიტა, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაბრძანდეს იქ და მმართველი კოალიციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა” – მათიკაშვილი

“ეს ადამიანები, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკმაოდ უხეშად არღვევენ ან ცდილობენ, დაარღვიონ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა, რითაც თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტს გამოეხმაურა.

“ყველა კომიტეტის თავმჯდომარეზე არ არის საუბარი, მაგრამ მათი ნაწილი [გვახსოვს] როგორ ჩამობრძანდნენ და დადგნენ აქ მიტინგზე, რაც იყო სრულიად ამოვარდნილი ყოველგვარი დიპლომატიური ელფერისგან და რომელსაც ვერაფრით ვერ მივიჩნევთ ჩვენ მეგობრულ ჟესტად. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები გამუდმებით ცდილობდნენ, მაშველი რგოლის ფუნქცია შეესრულებინათ ოპოზიციისთვის – განცხადებებით, ქმედებებით, ვიზიტებით და ა.შ. და დღეს არჩევნების შემდგომ, როდესაც მწარე მარცხი განიცადა რადიკალურმა ოპოზიციამ, არ გააჩნიათ არცერთი რეალური მტკიცებულება იმ ფარსის ,,გასაპრავებლად’’ თითქოს გაყალბდა არჩევნები. არჩევნები მაღალი დემოკრატიულობის პრინციპით ჩატარდა და ყველამ კეთილი ინებოს და მიიღოს ის შედეგები, რომელიც არის საქართველოში, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, რომელთა საქციელიც ანტიქართულია დღეს. ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეს არავის, არცერთ მათგანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უარი გაუცხადა შეხვედრაზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გერმანიის პოლიტიკური ელიტა, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაბრძანდეს იქ და მმართველი კოალიციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! – ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც პასუხს აუცილებლად მოითხოვს,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები