”საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა, საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ მათ მმართველობას უარი უთხრა” – ირაკლი ზარქუა
‘საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა. საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ მათ მმართველობას უარი უთხრა. როთი შოლცის პარტიიდან არის და მათ კოალიცია საერთოდ დაეშალათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როთი, “ეტყობა, ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება”.
“გერმანელი ხალხი პრინციპულია. ეს როთები იქაც არ მოსწონთ, აქ ჩამოდიან და ამ უსამშობლოებს: გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს და ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებენ. მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო, საქართველოს ნახვა თუ გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ. სამეგრელოში ჩადით, იქაური სტუმარმასპინძლობა ნახეთ, სუფთა ჰაერი, იქნებ, აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება. იქნებ, კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. შემდეგ იქნებ გაიაზროთ, რომ არ უნდა დადგეთ გვარამიასთან ერთად, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა. მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე გიჟიმანტასია და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს – ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო. ასეთებს არ მიგიღებთ. რომ დგახართ და მათხოვრობთ, შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან თქვენისთანებისთვის არ რჩება დრო. ამიტომ ბიძიებო, დღეს, 19:00 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ.
გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არ აქვს – ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას. სად არის კუბილიუსა, პარტია დაგეშალა? ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ, რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო – კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია. ფოტიგა სად არის, მორალს რომ გვიკითხავდა? რაისა სად არის? აი, ასეთები ხართ – ხალხი საკუთარ ქვეყანაში არ გცემთ პატივს და ჩვენ, ქართველებს გვიკითხავთ მორალს დემოკრატიაზე, კულტურაზე, განვითარებაზე. უძველესი ცივილიზაციის ხალხს გვასწავლიდით ჭკუას. ჭკუა თქვენმა მოსახლეობამ გასწავლათ და დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე. ახლა რუსთაველის გამზირზე იარეთ, ჩვენ სტუმარმასპინძლობა არ შეგვშლია და არც არასდროს შეგვეშლება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.