აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას.
„200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკამ ჩაატარა უდიდესი ექსპერიმენტი თვითმმართველობის შესახებ მსოფლიოს ისტორიაში. ეს ფაქტია. სადაც ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს და ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. და ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს.
გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს], მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ იმუშაოს მის გუნდთან ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემისთვის. სწორედ ამას იმსახურებს ამერიკელი ხალხი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკელებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა გრძნობები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია „არჩევანის მიღება, რომელიც ხალხმა გააკეთა“.
„ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამარჯვების პერიოდია, რაც აშკარაა. სხვებისთვის ეს მარცხის პერიოდია. კამპანიები სხვადასხვა ხედვების შეჯიბრია. ქვეყანა ან ერთს ან მეორეს ირჩევს, ჩენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ გააკეთა.
არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ. არ შეიძლება მეზობელი გიყვარდეს მხოლოდ როდესაც ეთანხმები. რაღაც, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ მიუხედავად იმისა თუ ვის მიეცით ხმა, არის ის, რომ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს შეხედოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.