გოგა ხაინდრავა: “დღეს 7 ნოემბერია, თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს”
კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღეა. როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დღეს ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი საზოგადოება, ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს.
“პირველ რიგში, დღეს 7 ნოემბერია, ჩვენი თაობისთვის, საერთოდ, თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი საზოგადოება, ხალხი, სისხლში ჩაახრჩვეს. ამ ლაქას, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძნელად მოიშორებს, ეს ოპოზიციის სახეა. ესაა ოპოზიცია განვითარების, წინსვლის, ღირებულებების, იმ საფუძველზე, რაზეც საქართველო დგას, რამაც საქართველო, ქართველი ხალხი დღევანდელ დღემდე მოიყვანა. როგორც მაშინ, დღესაც ისეთივე სისასტიკით ეწინააღმდეგებიან ჩვენს ქვეყანას, ხალხს განვითარებას, უბრალოდ შესაძლებლობა აღარ აქვთ, რომ ეს ფიზიკურ სისასტიკეში გადაიყვანონ. ამას უკვე ბოლო მოეღო, იმიტომ, რომ გუშინ აშშ-ში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი გადაწყდა, ისევე როგორც საქართველოში. ამერიკელმა ხალხმა იგრძნო საფრთხე, რომელიც ამ პორნოლიბერალიზმს მსოფლიოში მოაქვს.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო, როდესაც “ბასლაინები” გააკეთა, იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძესა და იმათ სასიარულო ადგილი ექნებათ. ივლიან იქით-აქეთ, სხვა საქმე არ აქვთ, არც არაფრის უნარი აქვთ და ადგილიც არის დარჩენილი, რომ დანარჩენ საქართველოს და თბილისს არ შეუშალონ ხელი ცხოვრებაში, იმიტომ, რომ სეირნობა მოუნდათ.
საერთოდ, ძალიან საინტერესო ვითარებაა, როდესაც ასეულობით მილიონი დოლარის პატრონი ადამიანი ქუჩაში მეგაფონით დადის, წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა. ის თავიდანვე დაცემული იყო, სააკაშვილის ხელიდან ბრწყინვალების ორდენი რომ გექნება აღებული იმაში, რომ ნაწამებ ხალხს უფორმებდი ქონებას გლდანის ციხეში, ეს თავისთავად მეტყველებს, ვისთან გვაქვს საქმე. ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ამ გარეწრებს საქართველოში 700 ათასი კაცი ხმას აძლევს. ყველას გვახსოვს შვიდი ნოემბერი. ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, ბოკუჩავასა და ხაზარაძეს ხმას მისცემს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის დიდი პრობლემაა.
იქ მორალი აბსოლუტურად მორღვეულია. იქ, სადაც მორალი მორღვეულია, განვითარებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი აყოლილია ამ ფსევდოიდეებს და ამ პორნოლიბერალიზმს, სამწუხაროდ. ამ ახალგაზრდებს არა აღქმებით, არამედ ფაქტებით უნდა ვაჩვენოთ, თუ რა არის თეთრი და რა არის შავი, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე“, – განაცხადა ხაინდრავამ.