გიორგი კახიანი: ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებამდე იყო ცნობილი ის, რომ მოსამართლე ამ უბნების ბათილად ცნობას აპირებდა და ესეც კითხვებს აჩენს
,,ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებამდე იყო ცნობილი ის, რომ მოსამართლე ამ უბნების ბათილად ცნობას აპირებდა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც გუშინ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.
კახიანის თქმით, აღნიშნული კითხვებს აჩენს.
“რა შუაშია მოსამართლის გაშავება, რანაირად შეიძლება მოსამართლის გაშავებაზე ვისაუბროთ. აქ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ. გარდა იმისა, რომ ამ მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ანალოგიური საჩივარი კიდევ 21-მა სასამართლომ განიხილა და იქ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, რაღაც კითხვები შეიძლება არსებობდეს, როდესაც აღმოჩნდება, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია.
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებამდე იყო ცნობილი ის, რომ მოსამართლე ამ უბნების ბათილად ცნობას აპირებდა და ესეც კითხვებს აჩენს. მთელი ეს კონტექსტი, რაც ამ მოსამართლის გარშემო შეიქმნა, ბუნებრივი ამ კითხვებს აჩენს და ამიტომაც არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები”, – განაცხადა გიორგი კახიანმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.