გორდულაძე – ოპოზიციაზე: ნებისმიერი ჩვენება, გამოკითხვის დროს იქნება თუ დაკითხვის დროს, იწერება; ამის ეშინიათ
“ნებისმიერი ჩვენება, გამოკითხვის დროს იქნება თუ დაკითხვის დროს, იწერება და თითოეული ადამიანი თავის სიტყვაზე პასუხისმგებელი ხდება. ამის ეშინიათ, იციან, რომ საგამოძიებო ორგანოებთან ტყუილები არ გაუვათ, მაგრამ ქართველ ხალხს ათასგვარ ტყუილსა და დეზინფორმაციას ჰკადრებენ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„რატომ ხდება, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის ფონზე არჩევნების გაყალბება, ქართველ ხალხს მოუწოდებდნენ რომ თამამად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და როდესაც ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ასე მოელოდნენ, როდესაც ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა როგორც აგენტურას, აღმოჩნდა რომ თურმე ეშმაკი იყო ჩაბუდებული ამ ელექტრონულ აპარატებში, თან ეს ეშმაკი რუსი აღმოჩნდა, რომელიც 4-იანსა და ხუთიანს შლიდა და მხოლოდ 41-ს აფერადებდა. რომ ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს დააჯერონ, მერე ვარდებიან ისეთ უბედურ მდგომარეობაში, რასაც ვუყურებთ მათ ტელევიზიებშიც“, – განაცხადა გორდულაძემ.