ლოიდ ოსტინი – “პუტინი უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი ვერ გაიმარჯვებს”

პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვაც კი ვერ დაეხმარება ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ამ სახიფათო და დესტაბილიზაციური ესკალაციის მიმართ შესაძლო რეაქცია განიხილა.

„ამჟამად არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ სწავლების მიზნით რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა. ამ სამხედროების ნაწილი უკვე მიუახლოვდა უკრაინას“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსულ ფორმაში არიან გამოწყობილნი და რუსული აღჭურვილობით არიან უზრუნველყოფილნი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეის მსგავსი თაღლითური სახელმწიფოსთვის მიმართვა ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, თუ რამდენად დიდია პუტინის პრობლემები.

ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სრულად აცნობიერებს შედეგებს როგორც ევროპის, ისე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი, მაგრამ ეს ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები მხოლოდ ხაზს უსვამს ჩვენი კავშირის მნიშვნელობას კორეის რესპუბლიკასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ერთგულნი არიან“, – განაცხადა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები