ესპანეთში სტიქიას 51 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.
ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები, რის გამოც სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
„თუ საგანგებო სამსახურებმა საჭირო ადგილას ჩასვლა ვერ მოახერხეს, ეს ხდება არა საშუალებების ნაკლებობის, არამედ წვდომის პრობლემის გამო“, – განაცხადა ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კარლოს მაზონმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ათობით ადამიანმა დახმარების მოლოდინში ღამე სატვირთო მანქანებსა და მსუბუქ ავტომობილებში, ასევე სახურავებზე გაატარა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიჰყვნენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მგზავრობას მოერიდონ.
ვალენსიის რეგიონში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.